„მერეს“ მოლოდინში. წინასაახალწლო

დეკემბერი 27, 2011 დატოვე კომენტარი

არის ცხოვრებში დღეები, კვირები, თვეები, როცა არაფერი არ ხდება. როცა შენ ცალკე ხარ და სამყარო ცალკე. არა! ამას არაფერი აქვს საერთო შინაგან კონფლიქტთან ან გაორებასთან, უბრალოდ აცდენილი ხარ დროსა და სივრცესთან. ნუ რაღაც კიდეც ხდება, მაგრამ ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ეს შენთან არაა კავშირში, სადღაც ცალკეა, მიღმა. შენ კი ხარ გატრუნული და ელოდები…

ელოდები, როდის გავა დღე, კვირა, თვე, წელი… „მერე“  ბოლოს და ბოლოს ყველაფერი სხვანაირად იქნება — შეურიგდები ყველას, ვინც გაწყენინა ან სულაც მიაფურთხებ, 5 კგ-ით შეიფერთხები, ვინ იცის, სიმაღლეშიც გაიზარდო, თუ არადა და ისევ მიეჩვევი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მოიხდენ მოკლე კაბას და თმებსაც დაიწნი ან სულაც გადაიპარსავ.

ჯერ კი არაფერი არ ხდება. ჯერ მხოლოდ ელოდები… ეს შენთან, თორემ აგერ ახალი წელი მოდის, დრაკონის.

ჩემს ცხოვრებში ორი მნიშვნელოვანი დრაკონი არსებობდა — გივიკოგველეშაპი ბევშვობაში  და კიდევ ერთი, უკვე მოგვიანებით, ასე ვთქვათ ყმაწვილქალობისას, როდესაც, გოგოურად გაბრაზებულმა ერთი ზღაპარი დავწერე ჭიამაიაზე და გველეშაპზე (რა საერთო ჰქონდა ამ ორს წარმოდგენა აღარ მაქვს). ისე, ამ გადმოსახედიდან სულ არ მიკვირს, რომ როცა მართლა შემიყვარდა ერთი ბიჭი, ჩვენ შორის არაფერი გამოვიდა, ჩემი დრაკონის სეხნია იყო და იმიტომ. ამიტომაც მინდა, წელს შავ გველეშაპს რამე სწორი სახელი მოვუფიქრო, აი ისეთი, როგორსაც ნამდვილ ბიჭებს არ არქმევენ.

კიდევ მინდა მალე მოვიდეს „მერე“, რომ 5 კგ-ით ნაკლებს ვიწონიდე,  „სმოუქი აის“ ხელის ერთი მოძრაობით ვიკეთებდე და არ მეზარებოდეს, ფრჩხილები სულ წითლად მქონდეს გალაკული, თმა გადაღებილი, ჩემს გარდერობში შარვლები აღარ ჭარბოდეს და საერთოდაც უკვე ისეთი იერი მქოდეს მიღებული, როგორიც ჩემი ასაკის შემდგარ ქალს შეეფერება. კიდევ მინდა ჩემს ლექსიკონში აღარ არსებობდეს ყოვლად იდიოტური კითხვები — „რატომ?“ და „და მერე?“ იმიტომ, რომ წინასწარ ვიცი, როცა ის „მერე“ მოვა, სულ ფეხზე მეკიდება მაკიაჟიც, წონაც და შმოტკებიც იმ მარტივი მიზეზით, რომ როცა ბედნიერი ხარ, უბრალოდ არ გცალია ასეთ სისულეელებზე საფიქრელად.

აი რაღაცნაირად ასეა. თქვენც ბედნიერებას გისურვებთ, ჩემო კარგებო — ახლაც და მერეც, როცა ყველაფერი ეს წვრილმან სისულელედ მოგეჩვენებთ.

დილის ენერჯაიზერი ))

ოქტომბერი 25, 2011 დატოვე კომენტარი
კატეგორიები:მუსიკა

მორიგი სადილაო სიმღერა

ოქტომბერი 24, 2011 1 comment
კატეგორიები:მუსიკა

ჩემი ჩვეულებრივი დილა

ივლისი 15, 2011 8 comments

ჩვეულებრივ, ჩემი დილა 8:50-ზე იწყება, როცა იძულებული ვხდები, საჭესთან მაინც გავიღვიძო. მანამდე იმდენად არაამქვეყნიური ვარ, რომ  სათვალავშიც არ არის. ზოგჯერ, სამყარო ისეთი კეთილია, რომ სხვადასხვა მინიშნებებს მიგზავნის და მელაპარაკება ხოლმე. მაგალითად, გუშინ, აუზიდან გამოსულს ვიღაცის მანქანაზე გამოკრული სარეკლამო დაფა (რა ჰქვია, იქნებ ვინმემ იცით?) დამხვდა წარწერით: „შემიყვარე!!!“ და მერე პატარა ასოებით: „არ დაფიქრდე!!!!“ დავინახე და ეგრევე კარგ ხასიათზე დავდექი, გულში სულ ციცინათელები აბრჭყვიალდნენ. ეს მინიშნებები, ჩემი დაკვირვებით, ძალიან ჰგავს საგზაო წესებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სულ სხვა გზა იგულისხმება.

 რა ხანია მინდა, შევკრიბო და აღვწერო (სტატისტიკა დიადი რამეა!!!) მაგრამ თავს ვერასდროს ვაბამ. როდესმე აუცილებლად ვიზამ. სამყაროსთან საუბარი ძალიან სახალისოა, გაცილებით უფრო სახალისო, ვიდრე ზოგიერთ მუდოსთან, რომელიც დღის მანძილზე აუცილებლად გხვდება. დღეს დილით ზემოდან ეს სიმღერა გამომიგზავნეს. ნეტა როგორი დღე იქნება და ვინ დამიბრუნდება?!

თქვენც გაქვთ თქვენი ნიშნები? ალბათ გაქვთ. თუ არ გეზარებათ, დამიწერეთ, საინტერესოა.

პ.ს. ხო მართლა, LJ-ზე ერთ საინტერესო პროექტს გადავეყარე — „ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემი ცხოვრებიდან“. რომელიმე ერთი დღის ფოტორეპორტაჟებს აკეთებენ, გაღვიძებიდან დაძინებამდე. ძალიან საინტერესო რამ გამოდის, ნეტა ქართველების (თუნდაც ჩემი) ჩვეულებრივი დღე როგორია? ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთი უღიმღამო, ნაცრისფერი დღე, თუკი დაკვირვებას იწყებ, ძალიან საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდება ხოლმე. ეს კი მართლა ძალიან მაგარია. მიგიქცევიათ ყურადღება?

ხომ არ მ(გვ)ეცადა?

243 სიტყვა პოეზიაზე და გაგა ნახუცრიშვილზე

ივნისი 12, 2011 13 comments

საქართველოში რატომღაც მიაჩნიათ, რომ ლექსის დაწერა, და საერთოდაც წერა, ძალიან ადვილია. „გინდა წერო? უნდა წერო“ — ცნობილი ლიტერატურული კონკურსის ეს სლოგანი სიტყვების თამაშია, მაგრამ ქართული სინამდვილისთვის შემთხვევითი არ არის და მშვენივრადაც „მუშაობს“. მის პერიფრაზი ასეთი იქნებოდა: წერა-კითხვა თუ იცი, წერას აბა რაღა უნდა? ადექი და დაწერე!

არადა, ასე არ არის.

განსაკუთრებით ფაქიზია პოეზია, რომელიც, პროზასთან შედარებით, ძალიან პრეტენზიულია. მიზეზი საამისოდ უამრავია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მთლად ზედაპირზე დევს: ზღვარი ლირიკულობასა და სენტიმენტალიზმს შორის ძალიან მყიფეა, სენტიმენტალიზმი კი უმეტეს შემთხვევში გოიმურია.

არის კიდევ ერთი ნიუანსი, რაზეც ხშირად მიფიქრია: ის, რასაც იტანს ხელნაწერი, ვერ იტანს ნაბეჭდი ტექსტი. აი, მაგალითად, შენი პირადი დღიური რომ გამოქვეყნო (რასაც, სხვათა შორის, არაერთი ქართველი მწერალი აკეთებს), რა გამოვა? ქაღალდი საერთოდაც ძალიან მგრძნობიარე სუბსტანციაა, ნაბეჭდ ტექსტს კი რამდენიმე ძირითადი თვისება ახასიათებს: ა) ის ლაკმუსივითაა — ავტორის ენერგიას ჯერ ისრუტავს, მერე ამჟღავნებს, ბ) უგემოვნობას ვერ იტანს, გ) იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.

თუ არ მოგისმენიათ მაიაკოვსიკის ლექსის ნიკა მაჩაიძისეული ინტერპრეტაცია, მიჰყევით ლინკს, ჯერ მაიაკოვსკის ტექსტი წაიკითხეთ და მერე მოუსმინეთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ, ზუსტად მიხვდებით ინტერპრეტაციაში რასაც ვგულისხმობ. ხელნაწერი ტექსტი სულ სხვანაირად იკითხება, დაბეჭდილი კიდევ სხვანაირად და სრულიად განსხვავებულ ვერსიას ვიღებთ, თუკი მას რომელიმე შემსრულებელი ახმოვანებს. განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე, როდესაც საკუთარ ლექსს თავად ავტორი კითხულობს, როგორც წესი, მკითხველი და ავტორი სხვადასხვა აქცენტებს სვამენ და იმიტომ. შინაარსობრივი აქცენტები ხომ სუბიექტურია და შინაგან განწყობას ეფუძნება.

მგონი, ძალიან გამიგრძელდა.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდოდა, რომ თანამედროვე ქართველ ლირიკოსებს შორის გაგა ნახუცრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და ზომიერი პოეტია და, არა მგონია, ეს აზრი მხოლოდ მე გამჩენოდეს. თუ შემეკამათებით, სიამოვნებით მოგისმენთ.

 გამოდით გარეთ

ქალია ალბათ, ქალია ზღვარი
და მარტოობა - უზღვრობა უფრო,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან მოვიგონეთ, რომ დავეუფლოთ.
გამოვიარეთ რამდენი კარი,
რამდენი ხვრელი, ძველი წიგნები.
ტალღა ზღვის არის - ხმა, საუბარი,
სიჩუმე კიდევ - თეთრი მინდვრები.
ნეტავი რისი თქმა უნდათ ზარებს,
რომ რეკენ ასე, ასე დილიდან,
ალბათ, ამბობენ, გამოდით გარეთ,
თქვენი ჩარჩოდან, თქვენი ბინიდან.
გამოდით გარეთ, წაშალეთ ზღვარი,
იპოვეთ ქალი, ბგერა და ფერი,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან ფერადდება სულ არაფერი.

გამგზავრება და მოლოდინი

მეგობრებთან არ დალია გრამი,
მოენატრა მარტოობის წამი,
კარი გახსნა, დაიხურა ქუდი,
იყო დილის ოთხის ათი წუთი.
გამგზავრება დაისახა მიზნად,
უცებ თავის ნაბიჯს გაემიჯნა;
მიაკითხა მატარებლის სადგურს,
წასვლა უნდა, რადგან წასვლა არ სურს;
ის ყოველთვის უწოდებდა პროტესტს
სასაცილოდ შექმნილ ავტოპორტრეტს.
დაინახა მატარებლის თვლები,
შეიყვარა ცარიელი გზები.
გზაში შუბლი მიაბჯინა მინას,
როცა წვრილი წამოვიდა წვიმა.
მოგონება შეეხიზნა ლოდინს,
იხსენებდა ის ცარიელ ლოგინს.
გაიხსენა ძველი, მყუდრო ბინა,
შეიყვარა, მერე მოიწყინა.
დაბრუნებას ვერ დაარქმევს სახელს
თვლემს და თვალებს უცაბედად ახელს.
გააწვალებს დაბრუნების ჟინი,
მერე ისევ გზა და მოლოდინი.

ვარ ნაპოლეონი